საინფორმაციო სააგენტო

„ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტერიტორიის გათავისუფლება მიმდინარეობს

საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ სამართლებრივი ღონისძიებები

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განაგრძობს ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსებული ობიექტების მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა „ოცნების ქალაქში“

ამ ეტაპზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“, ფრიდონ ხალვაშის გამზირის №188-ში, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყების მიზნით, მიმდინარეობს ბარაკული ტიპის საცხოვრებელი ფართების დემონტაჟი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 667,6 კვ.მ მიწის ფართობზე, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრულად ადაპტირებული საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც 300 ბავშვს მოემსახურება.

პროექტის მნიშვნელობა ოჯახებისა და ბავშვებისთვის

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და იმ ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც წლებია ახალ საბავშვო ბაღს ელოდებიან.

ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა

სამშენებლო ტერიტორიაზე განთავსებული ბარაკული ტიპის დასახლებიდან 34 ოჯახი ბათუმის მერიამ ქირით უზრუნველყო.
რაც შეეხება დარჩენილ ორ ოჯახს, სახელმწიფომ გადასცა მათ საცხოვრებელი ბინები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ათავისუფლებდნენ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას.

კომუნიკაცია და ტერიტორიის გათავისუფლების პროცესი

აღნიშნულ ორ ოჯახთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები, რათა საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო.
შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რის გამოც, კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებსა და შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის გათავისუფლება.

გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით

აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკითხის შეთანხმების გზით დარეგულირების ყველა შესაძლებლობა ამოიწურა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოქალაქეთა უფლებების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი საზოგადოებრივი პროექტების დროულად განხორციელება, რომლებიც ასეულობით ბავშვისა და მათი ოჯახების ინტერესებს ემსახურება.