საინფორმაციო სააგენტო

ბათუმში არასრულწლოვანთა შესაძლო ექსპლუატაციის ფაქტების შესწავლას ითხოვენ

2026-07-28 11:22 საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი”

განცხადება სახელმწიფო უწყებებისადმი

არასამთავრობო ორგანიზაციები „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „მე ომბუდსმენი“ და „საქართველო – კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“ მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს.
განცხადება ეფუძნება ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გარემოებებს.

მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებები

ორგანიზაციების მიერ ქალაქ ბათუმში ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, სავარაუდოდ პალესტინის მოქალაქეების, ორგანიზებული ჯგუფი არასრულწლოვან ბავშვებს ქუჩებში მოწყალების თხოვნის მიზნით იყენებს.

არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევა

აღნიშნული გარემოებები შეიცავს არასრულწლოვანთა უფლებების შესაძლო დარღვევის, მათი ექსპლუატაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანით ვაჭრობის — ტრეფიკინგის — შესაძლო ნიშნებს.
ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და ობიექტურ გადამოწმებას.

მოთხოვნები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისადმი

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა და სამართლებრივი შეფასება.
ასევე, პროცესში ჩაერთოს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, ბავშვთა დაცვისა და სოციალური მუშაკების მონაწილეობით.

არასრულწლოვანთა მდგომარეობის გადამოწმება

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია გადამოწმდეს არასრულწლოვანთა საცხოვრებელი, ჯანმრთელობის, განათლებისა და მოვლა-პატრონობის პირობები.
ასევე უნდა დადგინდეს, ხომ არ ხორციელდება არასრულწლოვანთა იძულება მოწყალების თხოვნის მიზნით ან მათი სხვა ფორმით ექსპლუატაცია.

გამოძიებისა და სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნა

ორგანიზაციები მოითხოვენ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გამოძიება დაიწყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და ყველა პასუხისმგებელი პირი მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
ამასთან, თუ დადგინდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობითა და საიმიგრაციო ნორმებით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა

ორგანიზაციების შეფასებით, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა.
შესაბამისად, ისინი მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტებზე დროულ, ეფექტიან და კანონის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ რეაგირებას.
პატივისცემით,
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია“
არასამთავრობო ორგანიზაცია „მე ომბუდსმენი“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო – კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“